Accentnews.ge
კობახიძე – ოპოზიციაზე: მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში

კობახიძე – ოპოზიციაზე: მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში

14/11/2024 18:46:33 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამის შესახებ მან გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.

„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ არავითარი რესურსი, მათ შორის ისინი პირველ რიგში, პარლამენტს ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანენ. იმდენად დესტრუქციულები და რადიკალურები არიან თავის არსით, რომ მათი მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება. წინა ოთხი წელი ყველას ახსოვს, ისინი მართალია, შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანეს საპარლამენტო ცხოვრებას, მთლიანად იყო დესტრუქცია, მთლიანად იყო რადიკალიზმი, აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოვლენ ისინი პარლამენტში, თუ არ შემოვლენ, ამით არსებითად არაფერი შეიცვლება. მთავარი არის ერთი რამ - ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს, როდესაც მთლიანობაში ორი მილიონ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ამით შედგა უკვე პარლამენტის ლეგიტიმაცია. ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა, შესაბამისად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. შემოვლენ, არ შემოვლენ ეს არის მათ გადასაწყვეტი. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

12 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.

„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S