Accentnews.ge
რუტე: ტრამპმა კარგად იცის, რომ NATO–ს წევრობა აშშ-ის თავდაცვის ნაწილია

რუტე: ტრამპმა კარგად იცის, რომ NATO–ს წევრობა აშშ-ის თავდაცვის ნაწილია

14/11/2024 18:20:07 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კარგად იცის, რომ NATO–ს წევრობა აშშ-ის თავდაცვის ნაწილია. ამის შესახებ მან ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "რა იქნება თქვენი გზავნილი ევროპელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან დონალდ ტრამპის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებით ალიანსის მე-5 მუხლთან და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით?", რუტემ შემდეგი განაცხადა.

"მე, როდესაც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეკავა, ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი დონალდ ტრამპთან და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. იგი ყველაფერს გააკეთებს შეერთებული შტატების დასაცავად და კარგად იცის, რომ NATO–ს წევრობა აშშ-ის თავდაცვის ნაწილია. ნახეთ, რა ხდება ამ წუთებში უკრაინაში. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ახლა აქტიურობენ რუსეთში და ეხმარებიან რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. სანაცვლოდ რუსეთი ამაში იხდის, მაგალითად, სარაკეტო ტექნოლოგიით, რომელიც ახლა ჩრდილოეთ კორეას მიეწოდება. ეს არის პირდაპირი საფრთხე არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისა და აშშ-სთვის. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ვხედავთ ჩინეთს, რომელიც ეხმარება რუსეთს ომის ძალისხმევაში სანქციების გვერდის ავლით ორმაგი დანიშნულების საქონლის მეშვეობით, რომელსაც ისინი აწვდიან რუსეთს. ვხედავთ ირანს, რომელიც რუსეთს დრონებს სხვა ტექნოლოგიებს აწვდის. სანაცვლოდ, რუსეთი იხდის ამაში და, შესაბამისად, საშუალებას აძლევს ირანს გააგრძელოს თავისი ძალიან უარყოფითი გავლენა ახლო აღმოსავლეთზე და მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი ერთად მუშაობენ. აშშ-ს ესმის, რომ NATO არის არა მხოლოდ ევროპისა და აშშ-ის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ ერთად იმუშაოს, რათა ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონების უსაფრთხოება შენარჩუნდეს. მოუთმენლად ველი დონალდ ტრამპთან მუშაობას. გასულ კვირას მასთან კარგი სატელეფონო ზარი მქონდა. პრემიერ-მინისტრობის დროს მეგობრულად ვმუშაობდით. ჩვენ ამას ისევ გავაკეთებთ, როდესაც იგი აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S