Accentnews.ge
“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ

“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ

14/11/2024 15:03:01 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭომ კენჭი უყარა და საარჩევნო სიების ჩახსნისა და სადეპუტატო მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაამტკიცა. შესაბამის განცხადებას „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.

“ძლიერი საქართველო“ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც საპარლამენტო მანდატი აქვს მიღებული, სთავაზობს, რომ შესაბამისი პროცედურული ქმედება ერთობლივად - ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ და სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს ერთად მიმართონ.

„ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით. პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა.

გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც მიიღო წარმომადგენლობითი მანდატი, ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს „ქართული ოცნების" პარლამენტს და უარი თქვას მისთვის მინიჭებული მანდატების გამოყენებაზე. ამის თაობაზე განაცხადი ყველა ოპოზიციურ სუბიექტს გაკეთებული აქვს.

"საარჩევნო კოდექსის" 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, "პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ." შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართვა დასაშვებია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ, რომელზეც ხდება ახლადარჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა.

შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძალას, ვისაც მიღებული აქვს მანდატები კანონით განსაზღვრული წესით, ერთობლივად, ერთ დღეს, ერთ დროს განვახორციელოთ ეს პროცედურული ქმედება და ერთად მივმართოთ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს, ამით წერტილს დავუსვამთ ინტერპრეტაციებს და არ მივცემთ არავის ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებას.

მეტი საჯაროობისთვის, მზად ვართ, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით”, - წერია ხაზარაძის განცხადებაში.

12 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.

„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S