
მელია: გეგმა არის პროტესტი, მუდმივი და შეუჩერებელი წინააღმდეგობა
14/11/2024 13:45:19 პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხაადებს, რომ ოპოზიციის გეგმა არის პროტესტი, მუდმივი და შეუჩერებელი წინააღმდეგობა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმის ნაწილია ასევე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების წარდგენა საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა.
"ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა, დღეს რომ მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. მეორე მიმართულებაა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მესმის, რომ ჩვენც რომ ვიყოთ ამერიკელი კონგრესმენი ან აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, თუ მეტყვით მტკიცებულებების გარეშე, რომ 300 000 ხმა მიიწერა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება ძნელად დასაჯერებელი იყოს, იმ მასშტაბის გაყალბებასთან გვაქვს საქმე. მადლობა ღმერთს, ამ გაყალბებას ახლავს უკვე ასობით მტკიცებულება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.