
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ კუპიანსკზე ყველა შეტევა მოგიერიებულია და მას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ
14/11/2024 12:14:32 მსოფლიო
ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, ამ მიმართულებით ყველა თავდასხმა წარმატებით მოგერიებულია, განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
„რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში ვერ შეაღწიეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრიი კოვალევმა Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში.
მისი თქმით, ოთხშაბათს ნაშუადღევს რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვითი ძალების გარღვევა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ ტალღად შეუტიეს, დაახლოებით 15 ერთეული ტექნიკის გამოყენებით. უკრაინულმა შენაერთებმა შეაჩერეს წინსვლა და გაანადგურეს ყველა ჯავშანტექნიკა და შემტევი ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი, თქვა კოვალევმა.
წინა ღამეს უკრაინულმა ანალიტიკურმა პროექტმა DeepState განაცხადა, რომ რამდენიმე რუსი სამხედრო ჯავშანტექნიკით კუპიანსკის გარეუბანში შევიდა. პროექტი აღნიშნავდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს ერთ MT-LB-ს, ხოლო მეორე მსგავსმა მანქანამ შეძლო „თავისუფლად გადაადგილება სვატოვსკაიას ქუჩის მიდამოებამდე“, სადაც დაახლოებით 15 რუსი ჯარისკაცი გადმოვიდა მანქანიდან და სამიზნეში ამოიღეს საცხოვრებელი კორპუსები. ამავე ქუჩაზე, DeepState-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ტანკი და დესანტის ნაწილი გაანადგურეს.