
კორძაია: საოლქოების ოქმებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციოში
14/11/2024 10:06:55 პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას დღეს სააპაელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"დღეს ჩაგვბარდა უკვე გადაწყვეტილება, 18:00 საათამდე აუცილებლად შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში, არა იმიტომ, რომ გვჯერა, სააპელაციო იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი ან რომელიმე განჩინებას გააუქმებს ჩვენს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, არამედ, კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაციისთვის, რადგან ყველა მოსამართლემ პერსონალური პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის განადგურებისათვის აიღოს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ივერი აბაშიძემ მოსარჩელეების - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და “საიას” - მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ძალაში დატოვა.
მანამდე მან სამივე სარჩელი გააერთიანა და ერთობლივად განიხილა.
პროცესზე მოსარჩელეებმა 11 შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არც ერთი დააკმაყოფილა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.