
ცესკო: პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მარკერების შეცვლაზე სრული სიცრუეა
13/11/2024 09:51:07 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ "პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკო–ს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ სრული სიცრუეა".
"საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", – ნათქვამია ცესკო–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა.
"ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს ჩვენ სასამართლოზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად. მარკერი ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რომლის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.