
კორძაია: ხელშეკრულებით ცესკო-ს „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები უნდა ჰქონოდა, ეს შეიცვალა არჩევნების დღეს
13/11/2024 09:10:30 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა.
„ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მტკიცებულებას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე - ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა - სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ცესკომ სრულიად უკანონოდ, საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები“, – თქვა თინა ბოკუჩავამ მედიასთან თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოშიც განიხილავენ ხმის ფარულობაზე „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საიას სარჩელებს. სარჩელები სასამართლომ გააერთიანა. მოპასუხე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. მოსარჩელეები საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.
„ვითხოვთ იმ მტკიცებულებების მოწოდებას ცესკოსგან, რომელსაც ჩვენ განცხადებით ვითხოვდით და არ გვაძლევდნენ, ასევე ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, მათ უნდა ჰქონოდათ ბრენდირებული „სმარტმატიკის“ მარკერები და ეს შეიცვალა არჩევნების დღეს“, – თქვა თამარ კორძაიამ.