Accentnews.ge
კობახიძე: "თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც  მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ  მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას"

კობახიძე: "თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც  მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ  მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას"

13/11/2024 08:08:47 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას".

„პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა. თქვენ ხედავთ, რომ დღითიდღე ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იფუჭებს საკუთარ რეპუტაციას და მდგომარეობას. ამას აკეთებენ ისინი საკუთარი ხელით. რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა, იმას აკეთებენ საკუთარი ხელით ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განუცხადა კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს.

12 ნოემბერს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების გასაუქმებლად მიმართავენ. მოგვიანებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე უარი, რეგისტრაციას ამ ეტაპზე ვერ გაუუქმებენ.

„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S