
ესტონეთისა და შვედეთის საგარეო უწყებები: „შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გიგი უგულავას საქმეს“
12/02/2020 13:00:08 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
ესტონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა უწყებები "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმეს ეხმიანებიან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
“ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გიგი უგულავას საქმეს. ესტონეთის საგარეო უწყება იზიარებს ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს განაჩენს, ხელს არ უწყობს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვა“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„შვედეთი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას იზიარებს. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, ჩვენ მოვუწოდებთ თბილისს, გადადგას ნაბიჯები უთანხმოების შესამცირებლად და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტების დასაცავად“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს განცხადებაში.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.