
რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და შარლ მიშელმა
07/11/2024 17:32:13 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
"პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის", ნათქვამია შეტყობინებაში.
კობახიძემ მედიასთან კომენტარში თქვა, რომ ეს ფორმატებიც იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ გზავნილები მაქსიმალურად ყოფილიყო მიტანილი პარტნიორებთან.
„სამიტი საინტერესო იყო, მქონდა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი როგორც თემატურ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ვისაუბრე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ეს იყო მთავარი განსახილველი თემები. ასევე მქონდა საშუალება, შევხვედროდი ევროპელ ლიდერებს, მქონდა შეხვედრა რამდენიმე პრემიერ- მინისტრთან, შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა პრემიერმა.
უშუალოდ შარლ მიშელთან კომუნიკაცია მეგობრულად და კონსტრუქციულად შეაფასა.
თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. აღსანიშნავია, რომ სწორედ საქართველოს საკითხიც განიხილება ევროპული საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე ხვალ.
„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ.
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავად შარლ მიშელს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.