
მთავრობა: რობერტ ფიცომ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება მიულოცა
07/11/2024 15:00:04 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა,- იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში "მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა".
"შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე.
პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია",- ვკითხულობთ რელიზში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი არ აღიარებენ არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს. ევროპელს ლიდერებს, გარდა უნგრეთის პრემიერისა, არ მიულოციათ "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება და დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებაზე საუბრობენ.