
ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს: "ვისაუბრებთ, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე"
07/11/2024 10:08:17 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღონისძიების ფარგლებში, როგორც სიტყვით გამოსვლისას, ისე ევროპელ ლიდერებთან საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს.
„განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება. მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა, ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის, საუბარი გვექნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა, ასევე სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის: უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა.
ორბანი საქართველოს კობახიძის მიწვევით არჩევნებიდან 2 დღეში – 28 ოქტომბერს ეწვია. მიუხედავად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებისა, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენდა, საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ "განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში".
30 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება. გარდა ამისა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად ევროკომისიამ ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე პირობა წაუყენა. რაც შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებს, ევროკომისია ციტირებს OSCE/ODIHR–ის წინასწარ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიამ “გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში”.
კომისია დამკვირვებლებზე დაყრდნობით აღნიშნავს ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს ისევე, როგორც უარყოფით ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის დაუცველობას და პროცედურულ ხარვეზებს.
„წინასწარი შეფასებები ადასტურებს სიღრმისეული საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში“, - აღნიშნავს კომისია.