
ხვალ ევროპელი ლიდერები ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოში არსებულ ვითარებას
07/11/2024 07:05:13 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები, მათ შორის, არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილშია მითითებული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.
„ასევე, ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ“, - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.
ამის შესახებ შარლ მიშელმა 27 ოქტომბერსაც დააანონსა: "ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს"
ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაერო-ს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.
დღეს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 47 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო მიიღებს.