
ჰარისი: ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები და ჩვენ ხელები კი არ უნდა დავუშვათ, არამედ ხელები უნდა დავიკაპიწოთ
07/11/2024 07:04:36 მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, "დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა მხარდამჭერებს არჩევნების შედეგების მიღებისკენ და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისკენ მოუწოდა.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ჰარისმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მას ესმის მისი მხარდამჭერების ემოციები, მაგრამ ქვეყანამ უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები.
"ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები. ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს ბრძოლაზე კანონის უზენაესობისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისთვის", – განაცხადა მან.
ჰარისმა, ასევე, აღნიშნა, რომ მან დაურეკა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და დასძინა, რომ „ჩართულები იქნებიან ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში“.
"ხელები არ ჩამოუშვათ, თქვენ გაქვს პოტენციალი, სურვილი და შესაძლებლობები, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. დადგა დრო, რომ მოვახდინოთ ორგანიზება და მობილიზება, რათა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა მომავლის მშენებლობაში. ჩვენ ხელები კი არ უნდა დავუშვათ, არამედ ხელები უნდა დავიკაპიწოთ", მიმართა მან ახალგაზრდებს.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და აშშ–ის რიგით 47–ე პრეზიდენტი გახდა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.