
ზელენსკი: შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან
07/11/2024 06:08:21 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
7 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც „ისტორიული დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეთანხმდნენ მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობის განვითარებაზე.
ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.