
ქურდოვანიძე: ცესკოს ვერსიით, მოსამართლე ხუჭუა მიკერძოებულია, რადგან მისი ცოლი კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს, ითხოვს, ჩატარებული ექსპერიმენტი ამორიცხონ საქმიდან
06/11/2024 10:24:23 პოლიტიკა, საზოგადოება
საიას თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის ცნობით, მათთვის ამ დრომდე უცნობია მოსამართლეების შემადგენლობაც, რომლებიც საარჩევნო დავებს განიხილავენ.
როგორც ქურდოვანიძე წერს, განიხილება თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაც, რომელიც ცესკომ გაასაჩივრა და ამტკიცებს, რომ მოსამართლე ხუჭუა მიკერძოებული იყო:
"ველოდებით 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ფარულობის უფლების დარღვევაზე გაერთიანებული საქმის დაწყებას. მოსამართლეების შემადგენლობაც კი ბოლო წუთამდე არ ვიცით.თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა. პოსტების სქრინები დაურთეს საქმეს. ასევე ითხოვენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი, სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ და ამორიცხონ საქმიდან",- წერს ქურდოვანიძე.
შეგახსენებთ, 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი და დაადასტურა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია.