
აშშ–ის ელჩი: რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს და აშშ-ის არჩევნებში, ჩვენი ურთიერთობა ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს გაუძლებს
06/11/2024 08:53:36 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს და აშშ-ის არჩევნებში, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს გაუძლებს.
"ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს [აშშ–ის] არჩევნებზე, საქართველოს არჩვენებზე, იმ დღის შემდეგ რაც მე აქ [საქართველოში] ელჩის რანგში ჩამოვედი და მე ნამდვილად მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან შეერთებული შტატების არჩევნებში, ურთიერთობები საქართველოსა და აშშ–ის ხალხებს შორის, ურთიერთობები ჩვენს [ამერიკულ–ქართულ] კომპანიებს შორის, ურთიერთობები ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის – ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში. სწორედ ეს არის ჩემი განსაკუთრებული სიამაყის მიზეზი, წარმოვადგენდე აშშ–ის აქ [საქართველოში]", – განაცხადა რობინ დანიგანმა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
რაც შეეხება აშშ–ს, როგორც CNN იუწყება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 266 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კანდიდატ კამალა ჰარისს - 195.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.