Accentnews.ge
სააპელაციო სასამართლოს საარჩევნო დავების განხილვა პროტესტის ფონზე მოუწევს

სააპელაციო სასამართლოს საარჩევნო დავების განხილვა პროტესტის ფონზე მოუწევს

06/11/2024 07:16:57 საზოგადოება

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები იკრიბებიან. ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, სასამართლოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე, რომელიც ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფება, ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაპირება, რომ სამართლიან სასამართლოს შექმნიდა, არ შეასრულა.

"ეს ხელისუფლება მოვიდა ამ პირობით ხელისუფლებაში: სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასამართლოს შექმნა. ეს ხელზე არ გვაქვს, წარმოდგენილი არ არის. მურუსიძის სასამართლოში არის გამაგრებული „ქართული ოცნება“. რაც მოხდა გაყალბების საქმეებზე, არის უკანონო, იმიტომ, რომ მოსამართლეებს ჩამოართვეს საქმეები და გადასცეს ერთ მოსამართლეს, ყველაზე სანდოს, გამობრძმედილს, რომელიც სავარაუდოდ, გააუქმებს ყველა იმ ნათელ წერტილს, მათ შორის – თეთრიწყაროს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა, არჩევნებზე ხმის ფარულობა იყო დარღვეული. ეს კორდონი, რომელიც დღეს აქ არის, ამის დადასტურებაა, რომ პასუხის გაცემა ხელისუფლებას და მის მომსახურე სასამართლოს კლანს სიტყვით არ შეუძლია, კუნთით და ზალით უნდა, გაგვცეს", - ამბობს ანა დოლიძე.

12:00 საათიდან სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებზე სასამართლო პროცესი არის დანიშნული. ადგილზე პოლიციის კორდონია გაკეთებული. სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა საპელაციო სასამართლოს ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ცნობისთვის: სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გუშინაც გაიმართა. ოპოზიციამ 5 ნოემბერს მეორე ინსტანციის სასამართლოსთან მოქალაქეების შეკრება, მას შემდეგ დააანონსა, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ კი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საიას განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა.

4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S