
მოსამართლე ხუჭუა: ყველა გამოწვევისთვის მზად ვარ
05/11/2024 18:17:29 საზოგადოება
მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სახელით, მივიღე ჩემი სამოსამართლეო ფიცის, ჩემი სინდისის ფარგლებში, მივიღე კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და იმ მტკიცებულებებსა და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც მე მხარეებთან ერთად სასამართლო სხდომის დარბაზში გამოვიკვლიე და შევაფასე,- თქვა "ტვ პირველის" ეთერში თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, რომელიც ხმის ფარულობის დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების შემდეგ სახელისუფლებო მედიის და ხელისუფლების წარმომადგენლების სამიზნე გახდა.
"ერთადერთი საკითხი და ერთადერთი ამოცანა, რომელიც იდგა ამ საქმის სასამართლოში შემოსვლისთანავე ჩემს წინ, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ საქმესთან დაკავშირებით, იყო ის, რომ ეს იყო საქმის სწორად გადაწყვეტის ამოცანა. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ მე დაახლოებით 2000 წლიდან ვარ სასამართლოს სხდომის დარბაზებში, როგორც მხარე, შემდეგ როგორც მოსამართლე და ჩემთვის არ იყო რთული იმ გზებისა და იმ მექანიზმების მოფიქრება, შემუშავება, რომ მე არ დამეშვა რაიმე შეცდომა და მიმეღო ობიექტური გადაწყვეტილება",- თქვა მოსამართლემ.
მან ხაზი გაუსვა საქმის მნიშვნელობას:
"პირველ რიგში, ეს კონკრეტული საქმე, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდია, თუმცა, მაინც უნდა აღვნიშნოთ ობიექტურობისთვის, რომ ამ საქმის რეზონანსულობა უფრო გამოიწვია მასმედიაში გაშუქებამ, დაინტერესებამ საზოგადოების, თორემ წინა შემთხვევაში ჩემი სამოსამართლეო უფლებამოსილების ფარგლებში მინდა გითხრათ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვან საარჩევნო დავებზე მაქვს გადაწყვეტილებები მიღებული და არანაკლები მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები მაქვს გამოთხოვილი, გამოკვლეული სასამართლო სხდომებზე. ეს შეეხება 2016-2020 წლების არჩევნების პერიოდს. ამ ინფორმაციის მოძიება ყველას შეუძლია. მეტიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდელ არსებულ პერიოდშიც მაქვს საარჩევნო სახის გარკვეული დავა განხილული. სასამართლოს და ხელისუფლების ორგანოების მიმართ კრიტიკული და საფუძვლიანი კითხვები და ეჭვები ყოველთვის უნდა არსებობდეს, მაგრამ მთავარია, ამ კითხვებს გაეცეს ობიექტური პასუხები. ყველა საქმეს პირადად მე ამ კუთხით ვუდგები",- თქვა მოსამართლემ.
რაც შეეხება მის მეუღლის საპროტესტო განწყობებზე სახელისუფლებო მედიის და პოლიტიკოსების აქცენტირებას, მისი თქმით, ეს კითხვებიც შესაძლოა, ლეგიტიმურია, "მთავარია, ობიექტური პასუხი".
მან გაიხსენა, რომ აცილების საკითხი თავად გამოიტანა სასამართლოს სხდომაზე საფუძვლების განმარტებით, თუმცა არც ერთ მხარეს სხდომაზე ეჭვები არ დაუდასტურებია.
მან თქვა, რომ შაბათს დაიწყეს საქმის განხილვა და პროცესი 6-7 საათი გრძელდებოდა, გაგრძელდა კვირას და "საკითხი არასდროს არ წამოჭრილა".
რაც შეეხება ექსპერიმენტის ჩატარებას, მან გადაწყვეტილება შემდეგნარად განმარტა:
„ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ გამორიცხულია სიმართლის დადგენა, თუ სასამართლომ უშუალოდ არ შეაფასა კონკრეტული მტკიცებულებები. გასაგებად რომ ვთქვა, მხარეებს კონკრეტული ფაქტები არ ჰქონიათ წარმოდგენილი რომ ამომრჩეველს ფარულობის პრინციპი დაერღვა. მხარე საკითხს სხვაგვარად აყენებდა – რომ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამ ფარულობის პრინციპს ბუნებრივად ვერ დაიცავდა. მაგალითად მაგალითად რომ ვთქვათ, სადაო რომ იყოს, რომ ავტომობილს, რომელიც დგას 100 მეტროში და არ აქვს საბურავები და ძრავი, და ერთი მხარე რომ ამტკიცებდეს, რომ ეს მანქანა ნახევარი საათის წინ მესტიიდან ჩამოიყვანა, მეორე კი ამტკიცებდეს, რომ მანქანა აქ იდგა ამ მდგომარეობაში და არსად წასულა. გონივრული იქნება, სასამართლომ მესტიაში წასვლა დაიწყოს და იქიდან მტკიცებულებების მოძიება?“, – განაცხადა მოსამართლემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მისთვის უმნიშვნელოა, ვინ როგორ შეაფასებს მის გადაწყვეტილებას: "მზად ვარ, ყველა გამოწვევისთვის".
მისივე თქმით, მადლობელია მოქალაქეების რეაქციით მის გადაწყვეტილებაზე:
"მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო. არ დამიწყია იმაზე ფიქრი, ვის მოეწონება და არ მოეწონება ეს გადაწყვეტილება. სიმართლის და სამართლის ძალა ძალიან დიდია. ვინმე თუ ფიქრობს, ეს პერიოდულობით შეიძლება შეიცვალოს, ვერ შეიცვლება. არ შეიძლება, იმედი დავკარგოთ",- უპასუხა მან შესაძლო საფრთხის შესაძებ კითხვას მას შემდეგ რაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა.