მოსკოვი თბილისს კიდევ მეტ დაახლოებას სთავაზობს
05/11/2024 13:48:06 პოლიტიკა
რუსეთის ხელისუფლება "ქართულ ოცნებას" "ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის შემდგომი გაღრმავების" მორიგი წინადადებით მიმართავს. ამის მზადყოფნა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა საგარეო სქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ამ კონტექსტში იგი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მოსკოვი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, დასავლეთი კი ცდილობს, ხელოვნურად დააყენოს ქართველებიცა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები სხვა ხალხებიც მასა და რუსეთს შორის ვითომდა არსებულ გზაგასაყარზე".
"აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, საქართველოს ამჟამინდელი საარჩევნო პროცესი დასავლეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიულ არჩევანად წარმოაჩინონ. რეალურად კი, საუბარია არჩევანზე ეროვნული ინტერესების საფუძველზე სუვერენულ მმართველობასა და გარე მართვას, გარედან თავს მოხვეულ ნეოლიბერალიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის" - გაიმეორა ლავროვმა კრემლის ცნობილი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივი.
არაფერი ახალი საქართველოსთვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ლავროვს არც ამჯერად უთქვამს და რატომ უნდა დაუახლოვდეს თბილისი საქართველოს მიწების ოკუპანტ სახელმწიფოს - არ განუმარტავს.


