
აქციის მონაწილეები მსვლელობით სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან
05/11/2024 13:09:12 საზოგადოება
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
დემონსტრანტებს წინ პოლიტიკური პარტიები ლიდერები მიუძღვებიან.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს.
ოპოზიციის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კიდევ ერთი აქცია 6 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
12:00 საათიდან საარჩევნო დავებზე სასამართლო პროცესი არის დანიშნული.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, დედაქალაქში საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
„მომდევნო დღეებში, კვირებში ჩვენი ამოცანა არის, რომ მთელი თბილისის სავსე იყოს ხალხით. ყველა ძირითადი მოედანი, ქუჩა, გამზირი უნდა იყოს ხალხით სავსე. იმ წერტილამდე სანამ მივალთ, ჩვენ სხვადასხვა უბანში ასე უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა მელიამ.