
სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიციაც
05/11/2024 11:26:29 პოლიტიკა, საზოგადოება
სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტოდ იკრიბებიან. ადგილზე შეიმჩნევა პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაც.
როგორც ცნობილი გახდა, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ყველა პროცესი ხვალისთვის გადაიდო. პროცესები ხვალ 12:00 საათიდან უნდა დაიწყოს.
აქცია დღეს სხვა ადგილზე იყო დაანონსებული, თუმცა მას შემდეგ, რაც თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება ხმის ფარულობის დარღვევის დადგენის თაობაზე და ეს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გასაჩივრდა, პროტესტის ადგილიც შეიცვალა.
პოლიციელების სიმრავლეზე გააკეთა აქცენტი "საქართველოსთვის" წევრმა თეონა აქუბარდიამ:
"ოლიგარქის გუნდს რომ ეშინია, ეს ჩანს განცხადებებიდან, ეს ჩანს ქმედებებიდან, მათ შორის, ეს ჩანს მობილიზებული პოლიციის რაოდენობიდან, რომლებიც საკმაოდ ჭარბად არიან წარმოდგენილები როგორც გუშინ საპროტესტო აქციაზე, ასევე დღეს, შესაბამისად, შიშს აქვს საფუძველი და მთავარი საფუძველი არის ის, რომ ამ არჩევნებს არ აქვს ნდობა არც სახლში და არც დასავლეთისგან მიუხედავად იმისა, რომ ატყუებდნენ მოსახლეობას, რომ „ღირსებით“ ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავდათ. ამიტომ, ბრძოლას აქვს აზრი ყოველთვის და ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოხდება ამ ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება და თითოეული მოქალაქის ნდობის დაბრუნება არჩევნებთან მიმართებაში, - ამბობს თეონა აქუბარდია.
პოლიციელთა სიმრავლე შემდეგნაირად განმარტა თბილისის პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ:
"სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებული არის აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლო შენობაა, მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა, შესაბამისად, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა უზრუნველყონ პროცესების მშვიდად წარმართვა. კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლოს და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, ასევე მისი ფუნქციონირების შეფერხება, შესაბამისად, თუ მოხდა მსგავსი რამ, პოლიცია მოუწოდებს მათ კანონის დაცვისაკენ. გზის სივიწროვიდან გამომდინარე, ვინაიდან ფიზიკურად გადაადგილება იყო შეუძლებელი, შესაბამისად, მოხდა შეზღუდვა".