პაპუაშვილი – ხუჭუაზე: "არ მინდა, ვიფიქრო, რომ მოსამართლე ცოლის გავლენის ქვეშ არის"
05/11/2024 08:30:17 პოლიტიკა
"არ მინდა, ვიფიქრო, რომ მოსამართლე ცოლის გავლენის ქვეშ არის", – ასე გამოეხმაურა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. კერძოდ, 4 ნოემბერს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შესაბამისი სარჩელი დააკმაყოფილა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, არსებობს ინსტანციურობა და საქმე სააპელაციო სასამართლოში წავა.
"იცით, რომ საია იყო ამ საკითხზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა. რაიმე განცხადება არ მოგვისმენია, მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდათ. ყველა საბაბს მათი მხრიდან პასუხი რომ გაეცა, რაც მოიფიქრეს ეს საკითხი იყო. კონკრეტული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. მათ შორის, არც სასამართლო პროცესზე. რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი კონკრეტული მოქალაქე, თუ ამომრჩეველი, რომლის საჩივარიც ამის უკან იქნებოდა, არ არსებობდა. ზოგადად გაასაჩივრეს ყველგან, მოჭრილად. ოცდასამმა სასამართლომ, თუ მოსამართლემ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში, ოცდაორმა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო. ოცდასამივე წავა სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს. ამის უკან დგას ასევე საღი აზრი. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რომ ასეთი რაიმე ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები, ლიეტუვის პარლამენტის არჩევნები, პოლონეთის და სხვა ქვეყნის. თუ ასეთ ლოგიკას განვავითარებთ, ვხედავთ, რომ არც კონვერტია გამოყენებული, ჩვეულებრივად გამოაქვთ ბიულეტენი, შემოხაზული, გამჭვირვალე თუ ნახევრად გამჭვირვალე ყუთში აგდებენ. [...] დარწმუნებული ვარ, თავად ეს მოსამართლეც იქნებოდა არჩევნებზე. საინტერესოა, ის თავად თუ ფიქრობს, რომ მისი არჩევანის ფარულობა იყო დარღვეული, იმ დღეს თუ იფიქრა, როდესაც ხმა მისცა?! ხომ მისცა ხმა?! და ის როგორც მოსამართლე დაფიქრდა იმ დღეს რომ ჩემი არჩევანის ფარულობა არის დარღვეულიო, თუ მას შემდეგ რაც საიამ თქვა, რომ არის დარღვეული, ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ მართლაც მისი მის ფარულობა იყო დარღვეული", – განაცხადა მან.
ცნობისთვის: 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები გააბათილა. აღნიშნულის შემდეგ პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოსამართლის ცოლი ოპოზიციის მხარდამჭერია.


