Accentnews.ge
მელია: ნაცვლად სპორტის სასახლისა, საპროტესო აქცია 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება

მელია: ნაცვლად სპორტის სასახლისა, საპროტესო აქცია 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება

05/11/2024 07:32:31 პოლიტიკა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ "დღეს ნაცვლად სპორტის სასახლისა, საპროტესო აქცია 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება.

„დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“. მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა - ყველგან! შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან. მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 4 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის წინ ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართეს და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციის სტრატეგიის 3 ძირითადი მიმართულება დაასახელა:

  • "ჩვენს სტრატეგიას აქვს სამი ძირითადი მიმართულება: 1. ჯერ კიდევ ვინმე თუ დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც არ სჯერა იმის, რაც მოხდა, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ იქნებ სადმე „ოცნებამ“ სამართლიანად გაიმარჯვა, ყველასთან უნდა მივიტანოთ, ვაჩვენოთ და გავაგებინოთ ის გაყალბება, მაქინაცია, „რუსული ომის“ გეგმა, რომელიც ამ მთავრობამ შეასრულა;
  • მეორე არის ის, რომ მსოფლიო დემოკრატიულმა, ცივილურმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების ის შედეგები, რომელსაც ცესკო აქვეყნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულად ვმუშაობთ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. ჯერ არ ყოფილა არცერთი დემოკრატი ლიდერი, რომელიც გამოვიდოდა და მიულოცავდა ამ მთავრობას გამარჯვებას, რაც ძალიან დიდი მიღწევა;
  • მესამე ყველაზე მთავარი არის წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა, გარეთ ყოფნა - არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ყველგან, სადაც შეიძლება შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ეს არის ბრძოლა აუდიტორიაში, ხელოვნებით და ყველგან, სადაც ადამიანებს შეგვიძლია ადამიანიანებს, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ. სამოქალაქო და დემოკრატიული წინააღმდეგობა არის ამ ბრძოლის ღერძი. თუ ჩვენ ვიქნებით 1000 ვერაფერს მივაღწევთ. თუ ჩვენ ვიქნებით ათი ათასი, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ თუ ვიქნებით 100 ათასი და მეტი, ყველაფერი გამოგვივა“.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში გაშლიან.

მისივე თქმით, პირველი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა.

  • "ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას.
  • არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას.
  • დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.
  • ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S