Accentnews.ge
მოსამართლე: მინდა, ყველას ვუსურვო ისეთი საარჩევნო გარემო, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული

მოსამართლე: მინდა, ყველას ვუსურვო ისეთი საარჩევნო გარემო, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული

05/11/2024 06:23:39 პოლიტიკა, საზოგადოება

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, რომელმაც დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, ხაზი გაუსვა, რომ ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის, შეფასებებისა და სხვა მანიპულაციის გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სარჩელით საია მოითხოვდა წალკის და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

მოსამართლემ მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი, სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე. რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, იყო უმძიმესი დარღვევები რომელიც არის საჩივრის არ გატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა უბანზე, გარკვეული ხელის შეშლა დამკვირვებლებზე, სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი და შესაბამისად ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი“, – თქვა მოსამართლემ.

მან თქვა, რომ საარჩევნო პროცესში და ზოგადად კანონმდებლობაშიც შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც მოითხოვს უფრო მეტ დახვეწას.

„ყველა ჩვენთაგანს მინდა ვუსურვო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, ყველა ჩვენთაგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს, საარჩევნო გარემოს, საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია, ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული, არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული!“, – ხაზი გაუსვა მოსამართლემ.

საია 24 სასამართლოებში 73 ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S