ვაშაძემ მოსახლეობას ოპოზიციური პარტიების ძირითადი პრინციპები გააცნო, პირველი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა
04/11/2024 16:33:47 პოლიტიკა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომელზეც, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში გაშლიან.
მისივე თქმით, პირველი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა.
- "ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას.
- არ ვაღიარებთ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას.
- დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. ყოველი შემდეგი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე და უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.
- ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მანამდე, ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალისთვის აქცია 14:00სთ–ზე დააანონსა.
"რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყნას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ, საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლა გრძელდება. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ და ასე იქნება. ხვალ 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით. ყოველ დღე გეტყვით სად ვიქნებით. ხელიდან გაგვაგდებინებენ დროშას? დამივარდება მე დროშა? მაგრამ მჯერა, რომ მამაჩემი დადგება, დედაჩემი დადგება, ჩემი და დადგება და შვილიც დადგება და ასე იქნება და ასე ვიქნებით ყველა. ყველაზე ძვირფასის დამდებები ვართ ამ ბრძოლაში – ჩვენი თავმოყვარეობის და სიცოცხლისაც კი",– განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ.


