ბაქრაძე: გადარჩენის გზა არის წინააღმდეგობაში, არსად არ წავალთ, ჩვენ გვინდა, ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ უკეთესად
04/11/2024 16:16:09 პოლიტიკა
"ქართული ოპოზიცია მზადაა იმისათვის, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიიტანოს. თუ ქართველი ხალხი ერთად დავდგებით, ვერავინ ვერ გვაჯობებს – ვერც ბოროტების იმპერია და ვერც მათი აგენტურა ამ ქვეყანაში. ჩვენს უკან დიდი უფსკრულია, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ეს ქვეყანა გადაჩეხონ ამ უფსკრულში. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ისევ და ისევ სიმამაცე და რაც მთავრია, – ერთიანობა. ნუ შევშინდებით და უიმედობა ნუ მოგიცავთ, თუ ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ, თუ ფარ–ხმალს დავყრით, დავმარცხდებით, ისევე, როგორც დიდმა დავითმა უთხრა თავის მეომრებს, ჩვენს უკან გზები უნდა ჩავხერგოთ, იმიტომ რომ, ჩვენს უკან დასახევი გზა არ არის. ჩვენ ყველა ერთად უნდა გადავრჩეთ და გადარჩენის გზა არის წინააღმდეგობაში. წინააღმდეგობაში, ამ, ერთის მხრივ, თითქოსდა უსუსური, მაგრამ ძალიან გაიძვერა ხელისუფლებისა, რომელმაც გაბედა და ქართველ ხალხს წაართვა არჩევანი. ამას არ შევეგუებით. არის ასეთი ქვეყანა მას საქართველოს ჰქვია, ყველას ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა, ამ ქვეყნისთვის ღირს თავდადება და არსად არ წავალთ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ უკეთესად და არავის დავუთმოთ ეს ქვეყანა", – ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ლაშა ბაქრაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


