
საია: თეთრიწყაროს სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია
04/11/2024 15:17:06 საზოგადოება
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, - წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.
„მოსამართლემ, ასევე, მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია”, - ნათქვამია საიას ინფორმაციაში.
თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.