
თბილისში, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება
04/11/2024 13:44:32 საზოგადოება
თბილისში, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება.
ოპოზიციის ლიდერები დღეს 17:00 საათზე სადგურის მოედანთან შეიკრიბნენ. ისინი ამ წუთებში მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც 19:00 საათზე აქციას გამართავენ.
შესაბამისი განცხადება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ერთობლივად 31 ოქტომბერს გააკეთეს. მათი ცნობით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.
როგორც "გახარია საქართველოსთვის" ერთ–ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, მის თანაპარტიელებთან ერთად პროტესტს შეურთდება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.