
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11/02/2020 17:20:47 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით. ამას ასევე გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.