Accentnews.ge
რას ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ

რას ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ

01/11/2024 17:02:23 პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დიპლომატებს შეხვედრის დაწყებისას და შემდეგაც კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუმცა მედიასთან პოლიტიკოსებმა ისაუბრეს.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ მათ დიპლომატიურ კორპუსს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინეს.

"ერთ-ერთი მთავარი მიზანი დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რაც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად. ასევე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციური ფრონტზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის". - თქვა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერები დაგეგმილი საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ:

"ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს ქართული ოცნების სახით და არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად“.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნეს, რომ ოპოზისიის გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, ხანგრძლივი, განგრძობადი და შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები“.

ანალოგიური შინაარსის კომენტარი გააკეთა "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემაც:

„შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. ეს ეხება დარღვევებს, გაყალბების სქემებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე და რომელიც ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები - ეს გადაგზავნილიც აქვთ და ნანახიც, აქ იყო ანგარიში, პრეზენტაცია სლაიდებზე დაჯამებული ინფორმაციის, მათ შორის, სტატისტიკური ანალიზი და იყო დაბეჭდილი სახით დარიგებული.

საუბარი იყო, ძირითადად, ამ საკითხებზე, თუმცა, კითხვები დაისვა ასევე პროტესტთან დაკავშირებით - რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ და ამაზეც პასუხები გავეცით. ვუთხარით, რომ იქნება ქუჩის აქციები, როგორც წავა პროცესები, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს იქნება უწყვეტი, ყოველ მეორე დღეს თუ როგორ იქნება, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

საერთაშორისო გამოძიების შესაძლო მექანიზმებზე, რა ფორმით შეიძლება მოხდეს, ამაზეც იყო დისკუსია, მათ შორის, მათგანაც იყო კითხვები. დისკუსია იყო იმაზე, თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის, განხილული იყო სხვადასხვა დროში გამოყენებული პრაქტიკები”.

შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა "ძლიერო საქართველოს" წევრმა მამუკა ხაზარაძემ:

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში - ქართველ ხალხს წაართვა არჩევანი. ეს იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმილი სპეცოპერაცია. მალკევიჩის გადაადგილება თბილისში ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ადამიანი, რომელიც ძებნაშია და ადამიანი, რომელიც მხილებულია სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების გაყალბებით, „ვაგნერის“ თანადამფუძნებელი, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესახებ კანონის დამრღვევი გადაადგილდება ცესკოს მიცემული საბუთით. მეტი მხილება არც არის საჭირო, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ვისთან გვაქვს საქმე - საქმე გვაქვს საქართველოში რუსულ ხელისუფლებასთან. ან ჩვენ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება, ქართველი ხალხი არ დავუშვებთ ბოლომდე ამ ქვეყნის ოკუპაციას და მიტაცებას იმიტომ, რომ ეს სისტემურად მიდის და ჩვენ ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ეს არის არჩევნების ერთ-ერთი დიდი ეტაპი, აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ დავუთმოთ ოკუპანტს, არ დავუთმოთ გამყიდველ და მოღალატე ხალხს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის იყო ძალიან ინფორმატიული, ძალიან ბევრი რამ გაიგეს, ჩვენ მათ ძალიან მყარი არგუმენტები წარვუდგინეთ და ის დარღვევები, რომლებიც ყოველდღიურად შემოდის. მე გუშინ, გუშინწინ დაგპირდით, რომ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებ და ამას ვაკეთებთ ინტენსიურად, არ ჩერდება მუშაობა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ, უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ხვალ, ზეგ და მაზეგ იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება.

მივაწოდეთ ინფორმაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, თუ როგორ მიიტაცა ხელისუფლებამ ჩვენი მოქალაქეების ხმები - ათიათასობით, ასიათასობით გაყალბებაზეა საუბარი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S