„ჩემი ხმა“: დიპლომატებს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები გავაცანით
01/11/2024 13:41:14 პოლიტიკა
სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა“, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) საქართველოში მოქმედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს და სავარაუდო გაყალბების სქემას.
„სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ასევე ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ.
პრეზენტაცია მოიცავდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებმა ასევე პასუხი გასცეს დიპლომატიური კორპუსის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს გამოვლენილი დარღვევებისა და განხილული საჩივრების შესახებ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ინტერესი და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


