HarrisX ეგზიტპოლებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს შორის "სტატისტიკურად აუხსნელი შეუსაბამობების" შესახებ იტყობინება
01/11/2024 12:33:32 პოლიტიკა
კომპანია HarrisX, რომელმაც 2024 წლის საარჩევნო ეგზიტპოლები „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა, ეგზიტპოლებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს შორის "სტატისტიკურად აუხსნელი შეუსაბამობების" შესახებ იტყობინება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ეგზიტპოლის საბოლოო ანალიზი "კითხვებს აჩენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობაზე, რაც მოიცავს, სულ მცირე 172 523 ხმას 27 ოლქში, რომელიც სულ მიცემული ხმების 8%-ზე მეტია".
"ეს შეუსაბამობა ვერ აიხსნება სტატისტიკური გადახრით. რაც კენჭისყრის დროს სავარაუდო დარღვევებზე მიუთიეთებს“, – ნათქვამია ანალიზში.
HarrisX ამბობს, რომ მაშინაც კი, როდესაც კომპანიამ თავისი ეგზიტპოლის მონაცემები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შეუსაბამა ე.წ. „შეწონვის“ პროცესის მეშვეობით, როდესაც სრულად გაითვალისწინა ნებისმიერი სახის მიკერძოება, როდესაც 95%-იანი ნდობის ინტერვალით – ყველაზე მაღალი სტატისტიკური ზღვარით – შეაამოწმა განსხვავება ხმების რაოდენობაში ეგზიტპოლსა და ცესკოს ოფიციალურ რიცხვებს შორის, ანალიზის შედეგები მაინც იგივე დასკვნამდე მივიდა.
"ეგზიტპოლებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს შორის დიდი განსხვავებები 27 საარჩევნო უბანზე აღმოვაჩინეთ. ამის ერთი მაგალითი მარნეულია. მარნეულის შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 48% მოიპოვა. ჩვენი ეგზიტპოლის მიხედვით, 2024 წელს - 40%. მაგრამ ცესკო–ს მონაცემები გვეუბნება, რომ მათ 80% აიღეს. ასეთი დიდი განსხვავება სტატისტიკურად შეუძლებელია. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა 27 ოლქში და ცესკომ უნდა ახსნას ეს დიდი განსხვავება მონაცემებში", – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ცნობით, „მაშინაც კი, როცა ეგზიტპოლის მონაცემები დაკორექტირდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების სრული პარამეტრების გათვალისწინებით, არჩევნების საბოლოო შედეგი, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,96% მოიპოვა, მარტივად რომ ვთქვათ, სტატისტიკურად შეუძლებელია“.


