
საქართველოში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს
01/11/2024 09:46:29 საზოგადოება
საქართველოში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივეს.
სადიგოვი და მისი ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ითხოვდნენ საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას და მის ნაცვლად, სანდო და ცნობილი ქართველი ჟურნალისტებისა და მედია რედაქტორების თავდებობის, ან გირაოს გამოყენებას, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს აზერბაიჯანის მოთხოვნით. 4 აგვისტოს მას პატიმრობა შეეფარდა. სადიგოვმა 21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში, შიმშილობა დაიწყო.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გამოძალვის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.
თავად სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.