
ცესკო ადასტურებს, რომ რუს პროპაგანდისტს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, აკრედიტაცია ჰქონდა
01/11/2024 09:26:55 პოლიტიკა, საზოგადოება
ცესკო-ში ადასტურებენ, რომ რუს პროპაგანდისტს ალექსანდერ მალკევიჩს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი აქვს დარღვეული, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდა მინიჭებული.
როგორც ცესკოში "აქცენტთან" განმარტეს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიისთვის ადმინისტრაციას აქვს ონლაინ პლატფორმა, სადაც ჟურნალისტი გადის რეგისტრაციას და წარმოდგენილი დოკუმენტების საარჩევნკო კოდესთან შესაბამოსობა მოწმდება.
ცესკო-ში ხაზს უსვამენ, რომ არ არიან ინფორმირებული, დარღვეული ჰქონდა თუ არა პირს სხვა რომელიმე კანონი, იმყოფებოდა თუ არა ქვეყანაში და ახორციელებდა თუ არა დაკვირვებას - პირთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
"აქცენტი" შსს-ში ცდილობს გარკვევას, როგორ აღმოჩნდა ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი პირი ქვეყანაში, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრე მალკევიჩის ყოფნის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს მიღმა" გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, წარსულში მალკევიჩი დაკავშირებული იყო პუტინის ცნობილ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერთან", რომელიც დასავლეთში ტერორისტულადაა მიჩნეული და ამასთანავე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელი გახლავთ.
"აქცენტმა" მის შესახებ ინფომაცია მოიძია და როგორც ირკვევა, რუს პროპაგანდისტს საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონიც აქვს დარღვეული. მეტიც, მას პირადი შეხვედრები ჰქონდა სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან.
თავად მალკევიჩი სოცქსელში წერს, რომ ქართულ არჩევნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული აკრედიტაციით აშუქებდა და შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს მინაწერით:
"საქართველოში რამდენიმე დღე გავატარე, მიმდინარე მოვლენები საკუთარი თვალით ვნახე, ვიყავი მიტინგზეც, ვესაუბრე ხალხს... ვიხილეთ ახალი ტექნოლოგიები და მიუხედავად გამჭვირვალე, ღია საარჩევნო პროცედურისა, დღეს ოთხი წაგებული ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი" - წერს რუსი პროპაგანდისტი.
2021 წლის აპრილში მალკევიჩი აშშ-ის სასანქციო სიაში მოხვდა იმის მტკიცებულებების საფუძველზე, რომ პუტინის რეჟიმის გლობალურ სადეზინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობდა.