მდინარაძე: ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, იმიტომ აქვს კონვერტი იმას, მელანი რომ გამოვა, დაიცვას ვიღაცის თვალისგან
01/11/2024 09:03:19 პოლიტიკა
ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, იმიტომ აქვს კონვერტი იმას, მელანი რომ გამოვა, დაიცვას ვიღაცის თვალისგან,- ამგვარია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტება ხმის ფარულობის დარღვევის ბრალდებასთან დაკავშირებით.
"თუ ისე შეაცურებ როგორც წესი და რიგია, ის კონვერტი იმიტომ ადევს, რომ ფარულობა იყოს დაცული. ბოლომდე ჩავყვებით; გამოძიება უნდათ? გავხსნათ ყველაფერი, როგორც წესი და რიგია თითოეული უბნის დონეზე ვართ მზად, რომ ბოლომდე ჩავყვეთ. თვითონ რომ თავი დაანებონ ამ ყველაფერს, ჩვენ არ მოვეშვებით და ბოლომდე მივყვებით თითოეულ ქეისს, და რასაც ისინი გვაბრალებდნენ იმასაც ბოლომდე მივყვებით წელიც რომ დასჭირდეს",- თქვა მდინარაძემ.
30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი 3 111-დან) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საკითხი OSCE/ODIHR-ის ანგარიშშიც მოხვდა: "დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული/დარღვეული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების მოთავსების ფორმით, ან 7%-ში საარჩევნო უბნის მოწყობის, მაგიდების განლაგების გამო".


