„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს "ხმების მოპარვაში" ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივლებს
01/11/2024 08:47:51 პოლიტიკა
სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ხმების მოპარვაში" ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივლებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
მან თქვა, რომ ოპოზიცია მოქმედებდა ორი სქემით:
- „ქართული ოცნების“ მომხრე ამომრჩევლებს სხვა უბნებზე საკუთარ წარმოამდგენლებად არეგისტრირებდნენ. მდინარაძე ამბობს, რომ აქვთ 81 დადასტურებული, იდენტიფიცირებული ფაქტი, "რომლებსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას, რადგან ისინი [ოპოზიცია] მტკიცებულებებს ვერ და არ წარუდგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ". ამ "საქემის" გამო მდინარაძის მტკიცებით, ბევრმა ხმის მიცემა ვერ მოახერხა.
- როცა უბნებიდან გადასატანი ყუთები ოპოზიციის წარმომადგენლებს მიჰქონდათ, ამომრჩეველს "განწყობაზე შეატყვეს", რომ ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, "ხელი არ მოაწერინეს", რის გამოც მონაცემები გაუქმდა.
„ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოპარეს „ქართული ოცნების“ მომხრეებს არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს. პრეზიდენტმა პროკურატურას ურჩია, ფართოდ გავრცელებული მასალები შეისწავლოს და გამოიძიოს.


