Accentnews.ge
სანქცირებული, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი რუსი პროპაგანდისტი ირწმუნება, რომ არჩევნებს საქართველოს ცსკ-ის მიერ გაცემული აკრედიტაციით აშუქებდა

სანქცირებული, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი რუსი პროპაგანდისტი ირწმუნება, რომ არჩევნებს საქართველოს ცსკ-ის მიერ გაცემული აკრედიტაციით აშუქებდა

01/11/2024 05:42:21 პოლიტიკა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე მალკევიჩი იმყოფებოდა, - იუწყება საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს მიღმა".

მისივე ინფორმაციით, წარსულში მალკევიჩი დაკავშირებული იყო პუტინის ცნობილ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერთან", რომელიც დასავლეთში ტერორისტულადაა მიჩნეული და ამასთანავე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელი გახლავთ.

"აქცენტმა" მის შესახებ ინფომაცია მოიძია და როგორც ირკვევა, რუს პროპაგანდისტს საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონიც აქვს დარღვეული. მეტიც, მას პირადი შეხვედრები ჰქონდა სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან.

თავად მალკევიჩი სოცქსელში წერს, რომ ქართულ არჩევნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული აკრედიტაციით აშუქებდა და შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს მინაწერით:

"საქართველოში რამდენიმე დღე გავატარე, მიმდინარე მოვლენები საკუთარი თვალით ვნახე, ვიყავი მიტინგზეც, ვესაუბრე ხალხს... ვიხილეთ ახალი ტექნოლოგიები და მიუხედავად გამჭვირვალე, ღია საარჩევნო პროცედურისა, დღეს ოთხი წაგებული ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი" - წერს რუსი პროპაგანდისტი.

ცნობისთვის: 2021 წლის აპრილში მალკევიჩი აშშ-ის სასანქციო სიაში მოხვდა იმის მტკიცებულებების საფუძველზე, რომ პუტინის რეჟიმის გლობალურ სადეზინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობდა.

"აქცენტი" დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S