"ოცნების" მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი საერთაშორისო გუნდი ლუკაშენკოთი შეივსო
31/10/2024 09:51:05 პოლიტიკა
საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი საერთაშორისო გუნდი, რომელშიც დღემდე მხოლოდ პუტინის რეჟიმის სატელიტებსა და პრორუსულად მიჩნეულ ევროპელ პოლიტიკოსებს ვხვდებით, ბელორუსის ავტორიტარი ლიდერით - პუტინის სტრატეგიული პარტნიორი ალექსანდრე ლუკაშენკოთი შეივსო.
საყოველთაოდ ცნობილი კრემლისტური პროპაგანდისტული ნარატივების მოშველიებით მან "ოცნების" მიერ ბოლო პერიოდში მიღებული იმ კანონების გამართლება სცადა, რომელთა გამოც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად გაიყინა.
"ჩვენ ვგულშემატკივრობდით ქართველებს. რას ჰქვია, თავს ახვევდნენ რაღაც ლგბტ-ს ქართველებს, რომლებიც სსრკ-ში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ, ნამდვილი კაცები?! რა საკვირველია, ვერ და არ მიიღებენ რაღაც ლგბტ-ს ქართველი კაცები, რომლებსაც აკვნიდანვე ქალებისკენ გაურბით თვალი! რა ლგბტ-ზეა საუბარი საერთოდ კავკასიაში?!" - ასე სცადა ე.წ. "ოჯახური სიწმინდისა და მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დამცველი" კანონის გამართლება ლუკაშენკომ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო ნორმას - ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალების შესახებ კანონს,ბელორუსი ავტორიტარი ლიდერი, პუტინის რეჟიმისა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, იმეორებს პროპაგანდისტულ მტკიცებას, თითქოს მის მიზანს გამჭვირვალეობა წარმოადგენდა:
"საქართველოში სურდათ გამჭვირვალეობა, დასავლეთი კი ამის გამო ქვეყანას ანადგურებს" - განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში, ევრაზიული უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.


