30-10-2024 23:58:49 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი შესაძლოა, ჩანდა, თუმცა მისი მტკიცებით, "ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი".
"ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომ ფარულობის კომპონენტი არ უნდა დაირღვეს. როდესაც ამომრჩეველი შედის კაბინაში, ამ დროს არ უნდა განხორციელდეს მასზე რაიმე ზემოქმედება, რადგან ნების თავისუფალ გარემოში დაფიქსირებას ხელი არ უნდა შეეშალოს ისევე, როგორც ხელი არ უნდა შეეშალოს ყველა შემდგომ ნაბიჯზე, მაგრამ განსაკუთრებით, ამ ნაწილში. როდესაც კაბინიდან გამოვიდა ამომრჩეველი, ამ დროს შეთავაზებული გვქონდა სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომელშიც ბიულეტენი ამობრუნებული სახით თავსდებოდა. ბიულეტენი გადმობრუნებული სახით თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩოფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსების და შემდგომ აპარატში მოთავსების პროცესში ვერ მოხდებოდა თუნდაც უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება. თუმცა ის, რაც წუხილად არის წარმოჩენილი, თითქოს ეს ჩანდა და არავინ უარყოფს, რომ ჩანდა, მათ შორის, კენჭისყრის დღეს კომისიებმა ეს ყველაფერი ნახეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა მან "რუსთავი 2"-ის ეთერში.