
რა პოზიცია აქვს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტს ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით
30/10/2024 14:21:13 პოლიტიკა
"აქცენტმა" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს პროკურატურის მიერ ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარების საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის კომენტარში, კერძოდ, ვკითხულობთ შემდეგს:
"ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს, რომ ყველა ცნობა არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ სრულფასოვნად და გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული. ჩვენ ველით, რომ საქართველოს ლიდერები პატივს სცემენ კანონის უზენაესობას. ჩვენ გვინდა, რომ დაინტერესებული მხარეები გაერთიანდნენ, რათა დადგინდეს ფაქტები არჩევნების დღეს მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან საქართველოში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის OSCE/ODIHR-თან და ევროკავშირთან, რათა განვსაზღვროთ საუკეთესო გზა".
რა თქვა პროკურატურამ
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე, პროკურატურის განცხადების მიხედვით, ეხება ცესკოს მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. საქმე აღძრულია სსკ-ის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
პროკურატურა პრეზიდენტს გამოკითხვაზე 31 ოქტომბერს იბარებს.
"ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას",- აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.