
ლინკევიჩუსი: "სასამართლო სისტემა ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული"
11/02/2020 12:24:24 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სასამართლო სისტემა ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული".
„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ტესტი იქნება", – წერს ლინკევიჩუსი სოციააურ ქსელში.
ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.