Accentnews.ge
გერმანიის საელჩო: საარჩევნო პროცესის ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან

გერმანიის საელჩო: საარჩევნო პროცესის ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან

30/10/2024 10:07:42 პოლიტიკა

გერმანიის საელჩოში აღნიშნავენ, რომ ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, გერმანია აფასებს, რამდენად შეესაბამება ქვეყანა ბლოკის სტანდარტებს.

როგორც დიპლომატიურ უწყებაში "აქცენტს" განუცხადეს, იზიარებენ ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრების მიერ 28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საარჩევნო პროცესის ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

რაც შეეხება საქართველო–გერმანიას შორის ამჟამინდელ ურთიერთობებს, საელჩოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კავშირების გადახედვის პროცესი კვლავინდებურად დაფუძნებული იქნება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე.

  • "რაც შეეხება საქართველოსთან გერმანიის ამჟამინდელ ურთიერთობებს, გადახედვა გრძელდება, რომელიც კვლავინდებურად დაფუძნებული იქნება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. ჩვენ ამ დროისთვის ძალიან კრიტიკულები ვართ. ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, გერმანია აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს. ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრების მიერ 28 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საარჩევნო [პროცესის] ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატისგანაა მოსალოდნელი", – განუცხადეს "აქცენტს" საელჩოში.

ამასთან, დიპლომატიური უწყება ევროპის საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • "გერმანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს ევროპის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის დასკვნას, რომელშიც ნათქვამია: „ევროპის საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს".

რა წერია ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნაში

ევროპულმა საბჭომ დაადასტურა "ევროკავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე" და ამასთან, კვლავ გამოხატა "სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს". ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს".

"ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპეთან შესაბამისი დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.

ევროპული საბჭო განაგრძობს საქართველოში სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს ევროკავშირის უცვლელ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი", – ნათქვამია დასკვნაში.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S