კორძაია: გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც ხმა მიცემულია, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს
30/10/2024 08:25:01 პოლიტიკა
"მოვითხოვ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს",- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ცესკო ბიულეტენს არ გადმოსცემს, ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ „სახელისუფლებო მანქანა სრულად იყო ჩართული არჩევანის გაკეთების დროს მოქალაქეების დაშინებაში“.
"მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს, დღეს ჩემს საპასუხოდ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი არ დააყენოთ და არ თქვათ, რომ ბიულეტენს კონვერტი ფარავდა. ყველას ასწავლიდით, რომ აუცილებელია ბიულეტენი გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არც ერთი პროცედურა. გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომ, ამ გაყალბებას, ამ ზემოქმედებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი. შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს. ამ წუთას, კატეგორიულად მოვითხოვ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული. გადმოგვცენ იმისათვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს. ამას დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩავუტარებთ და შევამოწმებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობისა და მასობრივად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. თუ ბიულეტენს ექსპერტიზისთვის არ გადმოგვცემენ, ესეც იქნება დადასტურება იმისა, რომ ამ პროცესში სახელისუფლებო მანქანა სრულად იყო ჩართული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანის გაკეთების დროს დაეშინებინა“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


