ჯაფარიძე: "ძლიერი საქართველო“ მოვითხოვთ, გაყალბებული არჩევნები საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისმა სტრუქტურამ გამოიძიოს"
30/10/2024 07:59:32 პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ კოალიცია მოითხოვს, "გაყალბებული არჩევნები საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისმა სტრუქტურამ გამოიძიოს"
„ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და თანმიმდევრული დამცველი. პრეზიდენტის განცხადებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ უნდობლობა ჩანს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს, არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების უამრავი ფაქტი, ამაზეა საუბარი განცხადებაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოითხოვს, ამ გაყალბებული პროცესის გამოძიებას, ჩვენ „ძლიერი საქართველო“ მოვითხოვთ, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისი სტრუქტურის მიერ ამ გაყალბებული არჩევნების გამოძიებას, ამ პროცესის გამჭვირვალედ შესწავლას და რაც მთავარია, რეგისტრაციის აპარატების გახსნას - გასაჯაროებას, რომ საზოგადოებამ ნახოს ამომრჩეველთა სიები, რომლებმაც ხმა მისცეს 26 ოქტომბერს, დავინახავთ, რომ ათობით ათასი ადამიანის მაგივრად, რომელიც არ იმყოფება ქვეყანაში, ხმა აქვთ მიცემული „ქართული ოცნების“ გამყალბებლებს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რა თქვა ბაიდენმა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განცხადებით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მიუთითებს, რომ არჩევნები დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ცნობით, არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი.
ის ხაზს უსვამს, რომ არჩევნები დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას და იძულებას.
ის მოუწოდებს თბილისს, გამოიძიოს არჩევნებზე მომხდარი დარღვევები.
“შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ ძალიან საგანგაშო იყო ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლა, მათ ამოქმედება კანონპროექტების, რომლებიც რუსული კანონების ანარეკლს წარმოადგენენ, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაზიანებული იყო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი დაფიქსირებული შემთხვევით, ისევე როგორც ამომრჩევლების დაშინებითა და იძულებით.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი”, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს ზღუდავს, და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო დაუზიანებლობის აღდგენაზე. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სრულად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება,” - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.


