მოსკოვი "გაღმა შეედავეს" პოლიტიკას აგრძელებს და დასავლეთს "ოცნებაზე" ზეწოლაში ადანაშაულებს
29/10/2024 11:41:23 პოლიტიკა
მოსკოვი, რომელიც საგრძნობლადაა გააქტიურებული საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესების ფონზე და ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებებს საქართველოს მმართველი პარტიისა და ცსკ-ის მიერ დეკლარირებული - სადავო საარჩევნო შედეგების მხარდასაჭერად, ანტიდასავლურ რიტორიკას არ წყვეტს, "გაღმა შეედავეს" პოლიტიკას აგრძელებს და დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მორიგი განცხადებები ამ კონტექსტში დღეს კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
იგი კვლავ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს საქართველოს საარჩევნო პროცესებში რუსეთის ჩარევის თაობაზე და ირწმუნება, რომ რეალურად, ეს ბრალდებები დასავლეთისკენ უნდა მიიმართოს.
"დასავლეთის ქვეყნები ქართული არჩევნების შედეგების კომენტირებისას საერთაშორისო ურთიერთობებისთვის სრულიად მიუღებელ, დაუშვებელ განცხადებებს აკეთებენ. მსგავსი პრაქტიკა უნდა შეწყდეს! ჩვენ ვხედავთ სრულიად მენტორულ განცხადებებს აშშ-დან და ევროკავშირიდან, სადაც ფაქტობრივად, ულტიმატუმებს უყენებენ საქართველოს ხელმძღვანელობას. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად ამაზრზენი გამოვლინებებია, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართის ნორმებს და უნდა შეწყდეს" - განაცხადა პესკოვმა.
დღესვე დასავლეთის წარმომადგენლების განცხადებებები "ნეოკოლონიალიზმის გამოვლინებად" შეაფასა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ-ის მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ეთანხმებიან, არჩევნების ხელახლა, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩატარებას მოითხოვენ და "ოცნების" უმრავლესობის პირობებში პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენები კი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანოზაციების კრიტიკული საარჩევნო დასკვნების ფონზე საარჩევნო დარღვევების ყველა ფაქტის სრულ, მიუკერძოებელ და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.


