ცესკო: არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონითაა შეზღუდული
29/10/2024 11:32:15 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური პარტიების მოწოდებებს, შეიქმნას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა სია, საინფორმაციო ბრიფინგზე გამოეხმაურა.
საარჩევნო ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი ბაზის შექმნა კანონითაა შეზღუდული და შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკს.
"დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას, შექმნან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა, იმისთვის რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში.
პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.
აქვე, მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა არცერთი საჩივარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა, თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს". - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.


