Accentnews.ge
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: "სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია „ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას ახდენს"

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: "სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია „ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას ახდენს"

29/10/2024 06:10:48 პოლიტიკა

„სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას ახდენს“, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას "პოსტავს".

კონგრესმენი უილსონი თანაავტორია ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე აშშ-ის კონგრესში ინიცირებული აქტის, "MEGOBARI Act", რომელიც აგენტების კანონის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სანქცირებასაც ითვალისწინებს.

ჰელსინკის კომისიის ცნობით, "MEGOBARI Act მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ".

"MEGOBARI Act კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს", –ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

MEGOBARI Act–ის ძირითადი დებულებებია:

  • „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა;
  • დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება;
  • ანგარიშის წარდგენა და სანქციები;
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა;
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება;

რა თქვა ბლინკენმა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე

სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც 28 ოქტომბს გამოქვეყნდა, აღნიშნული, "საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგი, როგორც თავისუფალი და სამართლიანი".

"ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ", – ნათქვამია განცხადებაში.

ბლინკენის შეფასებით, "არჩევნებზე აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას", თუმცა "საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით".

"ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ", – ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე საერთო ჯამში კარგად იყო ადმინისტრირებული, აშშ ხაზს უსვამს ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ".

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S