კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან "ურთიერთობების გადახედვას" გეგმავს
28/10/2024 20:58:02 პოლიტიკა
კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან "ურთიერთობების გადახედვას" გეგმავს, - იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, კანადამ მხედველობაში მიიღო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ-ის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული შედეგები, თუმცა "შეშფოთებულია არჩევნების დღეს ამომრჩეველთა დაშინების, მოსყიდვისა და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული შემთხვევებით, რომელთა შესახებაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ, ასევე სხვა მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა განაცხადეს".
"როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, პარტნიორი და გულშემატკივარი, კანადა მტკიცედაა დარწმუნებული, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. მადლიერებელი ვართ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის როგორც ხმის მიცემის, ისე საარჩევნო კომისიებში და დამკვირვებლებად მუშაობის კუთხით. ამასთანავე, 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგების გათვალისწინებით, "დიდი შვიდეულისა" და ევროპის ქვეყნებთან კოორდინაციით კანადა გადახედავს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთერთობებს" - აღნიშნავს ქვეყნის საგარეო უწყება და იქვე მოუწოდებს "ოცნების" ხელისუფლებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დროული, სრული და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანადა ღიად რჩება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის იმ პირობით, რომ ქვეყნის ხელისუფლება დაიწყებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის პატივისცემას და გადაჭრის ყველა პრობლემას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ბოლოდროინდელ უკუსვლას განაპირობებდა.
კანადა საქართველოში მიმდიარე პროცესების ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, სახელისუფლებო გუნდს კი ამასთანავე, შეახსენებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს მონაწილეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის აუცილებლობას.
ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას შვედეთიც წყვეტს.


